„ჰელსმეტრიკის" ინსტიტუტთან ერთად ჩვენ ვაკვირდებით პირბადის ტარების მაჩვენებელს
ქვეყანაში. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვიყავით თითქმის 75-ზე ასული და შემდეგ 66-ზე ჩამოვედით, გუშინდელი მონაცემებით, ეს არის 43 %, რაც ძალიან ცუდია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამირან გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი საგანგაშოა, და შეიძლება ეპიდსიტუაციის სერიოზულ გაუარესება გამოიწვიოს, განსაკუთრებით, შემსუბუქებების ფონზე.
„უმორჩილესად გთხოვთ ყველა ტელევიზიას, ყველა საინფორმაციო საშუალებას, რომ მაქსიმალურად დაუთმეთ დრო და ადამიანებს მიაწოდეთ ინფორმაცია, იყოს მორბენალი სტრიქონი, გადაცემები, შესაბამისი გზავნილები მასმედიის საშუალებით, რომ პირბადე ერთ-ერთი მთავარი დაცვის საშუალებაა და განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანაში შემსუბუქების რამდენიმე ეტაპი უკვე მოვიტოვეთ და შესაძლებელია, თუ ამ მასშტაბის ეპიდსიტუაცია შევინარჩუნეთ, კიდევ იყოს საუბარი გარკვეულ შემსუბუქებებზე, რომ ეს მთავარი დამცავი საშუალება, ანუ პირბადე, ტარების მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ. იცით, რომ თუ ეს 95 %-მდე ავიყვანეთ, ძალიან ბევრი მონაცემი სერიოზულად გაგვიუმჯობესდება ქვეყანაში და ნაკლები დაზიანება გვექნება მოსახლეობაში. ამიტომ, მასმედიას გთხოვთ, რომ პირბადეზე გავამახვილოთ განსაკუთრებული ყურადღება. 43%-ზე ჩამოსვლა, ჩათვალეთ, რომ არის საგანგაშო, განსაკუთრებით, ამ შემსუბუქებების ფონზე, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს ეპიდსიტუაციის სერიოზულ გაუარესებამდე.
თუ ჩვენ, მარტსა და აპრილში, შევინარჩუნებთ ეპიდსიტუაციას ამ ფარგლებში, როგორშიც დღეს ვართ, მაშინ უკვე, თბილს პერიოდში, მაის-ივნისში, ჩვენ შევალთ კარგი მაჩვენებლებით და დაზიანება ქვეყანაში მოსახლეობის, მხედველობაში მაქვს დაინფიცირება, სიკვდილიანობა და სხვა, იქნება გაცილებით მცირე. ამიტომ, ყველას გთხოვთ უმორჩილესად, პირბადე იყოს ერთ-ერთი მთავარი, რაზეც გავამახვილებთ ყურადღებას, ისევე როგორც დისტანცია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც გაიხსნა შიდა სამასპინძლო დაწესებულებები, რომ დიდ თავშეყრებს, ქეიფებს თავი ავარიდოთ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.