გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი
ხანიშვილი განახლებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო.
მოწვეულ სტუმრებს პრეზენტაცია სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ წარუდგინა.
სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სოფლის განვითარების სააგენტოს 9 რეგიონული სამსახურისა და 45 საინფორმაციო-საკონსულტაციო მუნიციპალური ცენტრის საშუალებით ხორციელდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის.
„დღეს ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს რეგიონული სამსახურები დროის ძალზე მოკლე პერიოდში, თუ როგორ შეიძლება აღიჭურვოს მოძრავი ლაბორატორიები, როგორ შეიძლება ექსტენციის მომსახურება გამოირჩეოდეს თავისი შესაძლებლობებით და რომ, პრაქტიკულად, ფერმერის კართან გადაწყდეს ფერმერის პრობლემა”, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
„ცოდნა მთავარია იმისთვის, რომ სოფლად შემოსავლები გაიზარდოს, ხოლო სოფლის მეურნეობა მაღალი ღირებულების მქონე სექტორად გარდაიქმნას. ჩვენი ხელშეწყობის შედეგად, ექსტენციის სისტემაში ციფრული ხელსაწყოები დაინერგება, რაც შესაძლებლობას მისცემს ყველა ფერმერს, მათ შორის შორეულ რეგიონებშიც, დროულად მიიღონ თანამედროვე ინფორმაცია“, - აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა.
„შვეიცარია მოხარულია ხელი შეუწყოს საქართველოში ძლიერი სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებას, რომელიც ბაზრის მოთხოვნების, მდგრადი განვითარებისა და გარემოსდაცვითი პრინციპების შესაბამისად უნდა განვითარდეს. განათლებული და ინფორმირებული ფერმერი ამ რეფორმის მთავარი დასაყრდენია“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა, დანიელ მევლიმ.
განახლებული ექსტენციის ძირითადი მიმართულებები მოიცავს დარგობრივი ცოდნის გაზიარებას და აგრარული მიმართულებით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ციფრული პლატფორმის საშუალებით, ექსტენციონისტი მოახდენს ფერმერთა პრობლემებზე ოპერატიულ რეაგირებას. ფერმერებს საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ ელექტრონული ბიბლიოთეკით (elibrery.mepa.gov.ge) და სადემონსტრაციო ნაკვეთების ერთიანი ქსელის მონაცემებით.
გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC)დახმარებით,საქართველოს ოთხ რეგიონში - სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და გურიაში გაუმჯობესდა ექსტენციის ცენტრების ციფრული ინფრასტრუქტურა, ექსტენციონისტებს დაურიგდათ ლეპტოპები და პლანშეტები, ექსტენციის ცენტრები აღიჭურვა საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით, პორტატული პრინტერებითა და სხვა საოფისე მოწყობილობებით. ასევე განხორციელდა სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციის დეპარტამენტის სრული ტექნიკური აღჭურვა. შეიქმნა ექსტენციონისტებისათვის სპეციალური პლატფორმა, რომლითაც ხორციელდება ფერმერთა მომსახურება საველე პირობებში.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დახმარებით, შეიქმნა ციფრული ონლაინ ბიბლიოთეკა და რეგიონული სამსახურის თანამშრომლები აღიჭურვა უნიფორმებით.
სამინისტროში გამართული ღონისძიების ფარგლებში, ხელი მოეწერა შეთანხმებას სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარ ფერმერებსა და სოფლის განვითარების სააგენტოს შორის. ბენეფიციარები მზად არიან, ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ ფერმერებს, ხოლო მათი მეურნეობები გამოიყენონ სადემონსტრაციოდ.
ღონისძიებას დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები ესწრებოდნენ.
ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით ჩატარდა.