საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ
ჩხენკელმა ონლაინ სემინარი „მათემატიკა საქართველოს საშუალო განათლების საფეხურის სასწავლო კურიკულუმში: საგანმანათლებლო გეგმა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“ გახსნა, სადაც ცნობილმა მათემატიკოსმა, მათემატიკური განათლების რეფორმის ავტორმა და ტექნოლოგიების სპეციალისტმა კონრად ვოლფრამმა წაიკითხა მოხსენება ახალი თამამი იდეის შესახებ მათემატიკის სწავლების მიმართულებით.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს სემინარის ორგანიზებისთვის, კონრად ვოლფრამს კი საინტერესო მოხსენებისათვის.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ თანამედროვე სამყაროში მათემატიკას, როგორც მეცნიერების დარგს, ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა აქვს, რადგან სწორედ მათემატიკა ეხმარება ადამიანს ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში. ამ დარგის შესწავლით ვითარდება ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი.
მინისტრმა ასევე ისაუბრა მათემატიკის კავშირზე სხვა დარგებთან და აღნიშნა, რომ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის ცოდნა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ადამიანს უვითარებს ინოვაციურ უნარებს და ტექნოლოგიებისა და მეცნიერების საშუალებით პრობლემების გადაჭრაში ეხმარება.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უპრეცედენტო გამოთვლებისა და სამეცნიერო მიღწევების ხანაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო პოპულარული ხდება, სწორედ მათემატიკაა მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა. თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად, მნიშვნელოვანია სკოლებში დაინერგოს მათემატიკის სწავლების უახლოესი მეთოდოლოგია.
ონლაინ სემინარი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს: ესტონეთის განათლების ყოფილმა მინისტრმა ჯააკაა ვისკომ, პორტუგალიის განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა ნუნო კრატომ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.