სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროგრამა „სოფლის
მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე წვდომა და მოქნილობა (AMMAR)“ დასრულდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ პროგრამის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
„მადლობას ვუხდი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს (IFAD) მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის და საქართველოში განხორციელებული პროექტებისათვის. AMMAR-ის პროგრამა რიგით მეხუთეა. ფონდის მიერ, ჯამში, 65 მლნ-ზე მეტია მოზიდული და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში ჩადებული”, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
პროგრამის „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე წვდომა და მოქნილობა“ განხორციელება 2016 წელს დაიწყო და 2021 წლის დასაწყისში დასრულდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ირიგაციისა და ინფრასტრუქტურის კომპონენტის ფარგლებში, სარეაბილიტაცია სამუშოები ჩატარდა 8 სარწყავ სისტემაზე; შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა 6486 ჰა-ზე, სარგებელი მიიღო 4500-მდე ოჯახმა. ცხრა ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ჩატარდა სამშენებლო სამუშაოები. გაუმჯობესდა/აშენდა სოფლის გზები და ხიდები. განახლებული ინფრასტრუქტურით სარგებლობს 3000-მდე ოჯახი.
ლანდშაფტის აღდგენის კომპონენტის ფარგლებში, კახეთის რეგიონში მოეწყო მდინარის ორი ნაპირსამაგრი, რაც დატბორვისგან იცავს 320 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწას. გაშენდა 26 კმ ქარსაფარი ზოლი შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში, შედეგად, ქარისმიერი ეროზიისგან დაცული იქნება 1410 ჰა მიწა.
საგრანტო კომპონენტის მიმართულებით, პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით გაიცა 591 გრანტი, 13 გრანტი - გადამმუშავებელი საწარმოებისთვის. „ახალგაზრდა მეწარმის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა 241 ახალგაზრდა.
სადემონსტრაციო ნაკვეთები და სწავლების კომპონენტის ფარგლებში, მოეწყო 17 სადემონსტრაციო ნაკვეთი. თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარა 2470 პირმა.
საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის ხელშეწყობის მიზნით, მომზადდა კლიმატის ცვლილების ეროვნული ადაპტაციის გეგმა სოფლის მეურნეობის სექტორისთვის, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება და ნიადაგის შესახებ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება.