მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და გამოცდები არადისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.
უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის ნაწილობრივ აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროს ბექა ფერაძესთან ერთად, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია, პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს პირადად გაეცნო და ვირუსის პრევენციისთვის მიღებული უსაფრთხოების ზომები ადგილზე შეაფასა.
მინისტრის მოადგილის თქმით, უნივერსიტეტები ყველა სანიტარულ-ჰიგიენურ სტანდარტს აკმაყოფილებენ და სტუდენტებისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა უზრუნველყოფილი. მან სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები.
როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, სახელოვნებო და სამედიცინო უნივერსიტეტებში პროგრამები დატვირთულია პრაქტიკული კომპონენტით, შესაბამისად, ასეთი პროგრამების ბუნებრივ ფორმატში განხორციელება უმნიშვნელოვანესია.
სასწავლო პროცესის აუდიტორიაში განახლებასთან ერთად სამინისტრომ შრომის ინსპექტირების სამსახურთან უნივერსიტეტების მხარდაჭერაზე ორიენტირებული მონიტორინგის პროცესი დაიწყო, რაც სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების საქმიანობის აღდგენა 2 ეტაპად მოხდება. 1-ლი მარტიდან უნივერსიტეტებს უფლებამოსილება მიეცათ, კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და გამოცდები არადისტანციურ ფორმატში ჩაატარონ. მეორე ეტაპზე, 15 მარტიდან კი, საშუალება ექნებათ, სალექციო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ეტაპზე, არჩევანი ნებაყოფლობითია და კონკრეტულ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტები სამინისტროსთან კონსულტაციით, ინდივიდუალურად იღებენ.