უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიულ
საგანმანათლებლო დაწესებულებებში 1-ლი მარტიდან დასწრებული ფორმით განახლდება პრაქტიკული სწავლების კომპონენტი, ხოლო 15 მარტიდან მათ მიეცემათ საქმიანობისა და სასწავლო პროცესის აუდიტორიებში სრულად აღდგენის შესაძლებლობა. ამასთან, სწავლების ფორმატთან დაკავშირებით პროფესიული სასწავლებლების არჩევანი ნებაყოფლობითია და კონკრეტულ გადაწყვეტილებას ისინი სამინისტროსთან კონსულტაციით, ინდივიდუალურად მიიღებენ.
სასწავლო პროცესის განახლებასთან და პროფესიულ განათლებაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ონლაინ შეხვედრა გამართა საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ სასწავლებლები აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო ყველა რესურსითა და ინვენტარით. დაწესებულებების ადმინისტრაცია, პროფესიულ მასწავლებელთა კორპუსი და პროფესიული სტუდენტები სრულ მზადყოფნაში არიან,სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით სასწავლო პროცესი აუდიტორიებში გააგრძელონ.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკვე აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით ოპერირების გამოცდილება, ვინაიდან შემოდგომაზე დაწესებულებებში სწავლება პირისპირ ფორმატში მიმდინარეობდა, შესაბამისად, ისინი კარგად არიან მომზადებული არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
1-ლი მარტიდან პრაქტიკული სწავლების განახლების პარალელურად, პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა დაიწყეს აქტიური მზადება მაქსიმალურად მოქნილი სასწავლო განრიგებისა და ადმინისტრაციული სერვისების შემუშავებაზე, რათა მობილობის მაქსიმალურად შესამცირებლად მოხდეს სტუდენტთა ნაკადების ეფექტური მართვა და პროფესიულმა სტუდენტებმა პრაქტიკულ სამუშაო გარემოში შეძლონ სასწავლო პროცესის განახლება.
თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, სასწავლო პროცესის აუდიტორიაში განახლებასთან ერთად სამინისტრო დაიწყებს მხარდაჭერაზე ორიენტირებული მონიტორინგის პროცესს, რათა თავად დარწმუნდეს, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა მიმდინარეობს უსაფრთხოების ყველა არსებული ნორმის გათვალისწინებით.
ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე საკითხებზეც გაიმართა მსჯელობა. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში რეფორმის ფარგლებში სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა და ამ ეტაპზე, პანდემიის მიუხედავად, აქტიურად მიმდინარეობს სიახლეების დანერგვისა და ამოქმედების პროცესი.