პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს
გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს.
შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმის ფარგლებში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან.
რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ რეგულაციებს, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. როგორც პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, დაწესებული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.