საქართველოს ციხეებში პატიმრების წამებისა და მათზე სექსუალური ძალადობის ფაქტების გამო სტუდენტური საპროტესტო მოძრაობის
ორგანიზატორები დღეს 15.00 საათამდე ხელისუფლებისგან მოითხოვენ შს მინისტრის ბაჩო ახალაიას თანამდებობიდან გათავისუფლებასა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას.
ამის შესახებ განცხადებას სტუდენტები სოციალურ ქსელ Facebook-ში ავრცელებენ და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს გამოვიდნენ და დადგნენ ჩვენს გვერდით. დავანახოთ ყველას, რომ ჩვენ უსამართლობის მოთმენას არ ვაპირებთ არსად, იქნება ეს უნივერსიტეტი, პენიტენციალური სისტემა თუ ზოგადად სახელმწიფო“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთანავე, სტუდენტები აქციის ყველა მონაწილეს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ, რათა არ მოხდეს ის, რაც „უსამართლო რეჟიმის წისქვილზე დაასხამს წყალს“.
სტუდენტების მშვიდობიანი აქცია დღეს 15.00 საათზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან განახლდება.
სტუდენტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აქცია არ არის რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირების მიერ ორგანიზებული და მასში მონაწილეობა ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.

















