საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ
ჩხენკელმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ გაერთიანებული სამეფოს მინისტრს ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში ვენდი მორტონს უმასპინძლა და მასთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.
მიხეილ ჩხენკელმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს (British Council) საქმიანობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კულტურის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას განსაკუთრებულად უწყობს ხელს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს Covid-19-ის პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფის მიმართულებით. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სწორედ 15 თებერვალს საქართველოს მასშტაბით მოსწავლები სწავლა-სწავლებისათვის ბუნებრივ გარემოს – საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ.
მიხეილ ჩხენკელმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე მსოფლიო დონის ორი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ. მინისტრის თქმით, უნივერსიტეტი ვითარდება განათლების ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
უნივერსიტეტში მოქმედი აკადემიური პროგრამები მიუნხენის უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მომდევნო წლებშიც განათლების სამივე საფეხურისათვის სწორედ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე დაფუძნებული ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იგეგმება. მეცნიერების განვითარებას ხელს შეუწყობს ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც წარიმართება სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უცხოელი პროფესორების ჩართულობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში. აქ ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს უცხოელი პროფესორები კითხულობენ. გარდა ამისა, უცხოელმა მეცნიერებმა უკვე გამოთქვეს მზადყოფნა, ქართველ სპეციალისტებთან ერთად ჩაერთონ ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში. მინისტრმა განაცხადა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მზად არის სხვა ბრიტანულ უნივერსიტეტებთან ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად და აკადემიური პროგრამების დასანერგად.
უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. ადრონული თერაპიის ცენტრიც მთლიანად ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.
ვენდი მორტონთან შეხვედრის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბრიტანეთის საბჭოსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად თანამშრომლობის სამმხრივ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის საფუძველზე შეიქმნება ერთიანი ელექტრონული პლატფორმა „e-განათლების სახლი“. პლატფორმა მასწავლებლებს უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის მრავალფეროვან რესურსებს შესთავაზებს. ეს მათთვის ინოვაციურ შესაძლებლობა იქნება.
თანამშრომლობის ფარგლებში ბრიტანეთის საბჭო პარტნიორებთან ერთად 18 თვის განმავლობაში პილოტირებას გაუწევს ინგლისური ენის მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების შექმნასა და მუშაობას ბრიტანეთის საბჭოს Future English Online Teacher Community პლატფორმაზე, რომელზე წვდომა საქართველოში მოქმედ ინგლისური ენის 6 500 მასწავლებელს ექნება. მასწავლებლებს მიეცემა პროფესიული კავშირების დამყარების შესაძლებლობები როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ასევე, ხელს შეუწყობს მათ, რეგულარულად ჩაერთონ სხვადასხვა ფორუმებსა და ვებინარებში, ონლაინ რეჟიმში გაუზიარონ ერთმანეთს ახალი იდეები, ცოდნა და გამოცდილება.