ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა,
არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ლიჩელმა „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში საჯარო ლექცია „ორი არქეოლოგიური ფაქტის კომენტარი“ წაიკითხა. COVID-19-თან დაკავშირებული მსოფლიო პანდემიის გამო, საჯარო ლექცია დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
„დღევანდელი დღე ჩვენი უნივერსიტეტის ცხოვრებაში განსაკუთრებული დღე გახლავთ. ტრადიციულად უკვე მრავალი წლის მანძილზე, დღევანდელ დღეს ტარდება პირველი საჯარო ლექცია. ეს კი სრულიად განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მატარებელი მოვლენაა. ჩემი ლექცია ეძღვნება ორ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ არტეფაქტს, რომლებიც ქართული დამწერლობის ისტორიას უკავშირდება“,-განაცხადა ვახტანგ ლიჩელმა.
საჯარო ლექციის მთავარი თემა ქართული დამწერლობის ისტორია იყო. პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა ქართული დამწერლობის ისტორიიდან არქეოლოგიური კვლევების ჭრილში ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტი გამოყო - გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი წარწერა, რომელიც ჩვ.წ.-მდე XI-X საუკუნეებით თარიღდება და ქართული დამწერლობის ისტორიის საწყის მონაკვეთს - ჩვ.წ.-მდე IV საუკუნიდან ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე, რომელიც ფარნავაზის მიერ ქართული ანბანის შექმნას უკავშირდება და ეს ნათლად ჩანს დავათის სტელაზე გამოსახულ ეტრატზე.
როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, წლის პირველი საჯარო ლექციის ჩატარება, რომელიც უნივერსიტეტის დაარსების დღიდან იღებს სათავეს, წელს განსხვავებულად დისტანციურ ფორმატში ჩატარდა. „კოვიდის პირობებში სხვა გამოსავალი არ იყო. დარწმუნებული ვარ ბევრი მსმენელი ეყოლება ბატონ ვახტანგ ლიჩელს. დარწმუნებული ვარ ბევრი სტუდენტი, პროფესორი, კოლეგა, დაინტერესდება ამ ლექციით, რომელიც ტრადიციულად ტარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და უკავშირდება დიდი ივანე ჯავახიშვილის სახელს“-აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
საჯარო ლექცია „ორი არქეოლოგიური ფაქტის კომენტარი“ ონლაინ პლატფორმაზე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული საზოგადოებისთვის.
„წლის პირველი საჯარო ლექცია“ თსუ-ში ყოველწლიურად ტარდება. პირველი საჯარო ლექცია პირველად 103 წლის წინ, 1918 წლის 12 თებერვალს (ძველი სტილით 30 იანვარს) უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა “ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ძველქართულ საისტორიო-საფილოსოფო მწერლობასა და ცხოვრებაში“. ტრადიცია რამდენიმე წლის წინ აღდგა. გასულ წელს თსუ-ს და ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტების პროფესორმა ზაალ კოკაიამ წაიკითხა საჯარო ლექცია „თავისტვინი, ინსულტი და ღეროვანი უჯრედები.“