ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი
ერთობლივად იწყებენ ფართომასშტაბიან ინიციატივას, რომლის მიზანიც საქართველოში COVID-19 ვაქცინების ჩამოსვლისა და ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობაა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ახორციელებს. იგი ეხება COVID-19 ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა ფაზას და მნიშვნელოვანი ინვესტიცია იქნება რუტინული იმუნიზაციის სისტემის გასაძლიერებლად.
სამწლიან ინიციატივას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპის რეგიონში განახორციელებს უკვე არსებული ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში მიმდინარეობს და მისი მთლიანი დაფინანსება €40 მილიონ ევროს შეადგენს. ამ პროგრამის დანიშნულება ქვეყნების ვაქცინაციისთვის მზადება, შემოტანის პროცესის ხელშეწყობა და მონიტორინგი წარმოადგენს.
კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველში ამბობს: „COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლაზე მიმართულ საერთო ძალისხმევაში გადამწყვეტი ადგილი სწორი ვაქცინაციის კამპანიას უჭირავს. ევროკავშირი კვლავ აგრძელებს საქართველოს თანადგომას და გვეამაყება, რომ დღეს ვიწყებთ ახალ ინიციატივას ჩვენს ახლო პარტნიორთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად. ეს ინიციატივა ვაქცინაციის კომპლექსური პროცესის მხარდაჭერისთვისაა განკუთვნილი, რათა ეფექტურად მოხდეს ქვეყანაში შემოსული ვაქცინების გამოყენება და ყველაზე მეტი საჭიროების მქონე ადამიანების მოცვა."
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე ამბობს: „ვაქცინა იმედს უსახავს და იცავს იმ ადამიანებს, რომლებიც პანდემიის დროს წინა ხაზზე იბრძვიან; ასევე იმათ, ვინც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშაა და ეშინია დაავადების შედეგების. ამ გულუხვი მხარდაჭერის მეშვეობით WHO შეძლებს კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, რათა როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება, ვაქცინამ მოიცვას ყველა ადამიანი, ვისაც განსაკუთრებით ესაჭიროება."
პირველ ეტაპზე დაფინანსება გამოყენებული იქნება ვაქცინისათვის მზადებისა და შემოტანის პროცესის ხელშეწყობისთვის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტრატეგიულ პროგრამულ მიმართულებებს - დაგეგმვას, მოწყობილობებს/დანადგარებს, ჯანდაცვის პერსონალის ტრენინგებსა და საინფორმაციო კამპანიას.
პროექტი აგრძელებს ევროკავშირსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის უკვე მიმდინარე თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ხდება ქვეყნების დახმარება COVID-19 პანდემიასთან გასამკლავებლად. უკვე ხორციელდება €35 მილიონი ევროს ღირებულების „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის" ინიციატივა, რომელიც პარტნიორ ქვეყნებს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების მოგვარებაში ეხმარება.