სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბოლო ორი დღის განმავლობაში
ტელეკომპანია "ტვ პირველის" მიერ მომზადებულ ცილისმწამებლურ სიუჟეტებს, რამაც კამპანიური ხასიათი მიიღო. პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სრული სიცრუეა დღეს, 4 თებერვალს ტელეკომპანიის ეთერში გასული ინფორმაცია, თითქოს N2 (ქუთაისის) პენიტენციურ დაწესებულებაში იყო "ბუნტი" და თითქოს ამის გამო ერთ-ერთ პატიმარს დაწესებულების ადმინისტრაცია სასტიკად გაუსწორდა.
"სიუჟეტში გამოყენებულია ფარული რესპოდენტის ინტერვიუ, სადაც რესპოდენტი ამბობს, რომ დილას დაუკავშირდა პატიმარი, რომელმაც უთხრა, რომ დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლის მსხვერპლია.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ასე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იდენტიფიცირების გარეშე სხვადასხვა უწყების მიმართ ნებისმიერი ცილისმწამებლური განცხადების გაკეთება, მაგრამ ტელეკომპანიის მხრიდან ამის უაპელაციოდ გაზიარება და გადაუმოწმებლად მსგავსი ინფორმაციის გავრცელება, არღვევს ყველანაირ ჟურნალისტურ და ეთიკურ ნორმებს.
სიუჟეტის ავტორს არც კი უცდია ინფორმაციის პენიტენციურ სამსახურთან გადამოწმება.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ თავად სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები არის წინააღმდეგობრივი, ვინაიდან თუ ასეთი სასტიკი ზეწოლის ქვეშ არის პატიმარი, გაუგებარია, როგორ ურეკავს ის ოჯახის წევრს და უყვება ამის შესახებ. პატიმარი რომ ზეწოლის მსხვერპლი იყოს, ცხადია ამას ვერ მოახერხებდა. ასეთივე წინააღმდეგობრივი იყო ამავე ტელევიზიის მიერ გუშინ, 3 თებერვალს გავრცელებული ორი სიუჟეტი, რომელთაგან ერთში ქუთაისის დაწესებულების პატიმარი სატელეფონო ინტერვიუში საუბრობდა ზეწოლაზე ადმინისტრაციის მხრიდან (რაც ასევე აბსურდია), ხოლო მეორე სიუჟეტში ქსნის N10 დაწესებულების პატიმარზე ითქვა, რომ სიუჟეტის ეთერში გასვლის დროს სამოქალაქო კლინიკის ექიმები ცდილობდნენ პატიმრის გადარჩენას, ხოლო პირდაპირ ეთერში გავიდა კადრები, სადაც ნათლად ჩანდა, რომ მოცემული პირი თავისუფლად გადაადგილდებოდა და საკუთარი ფეხით შევიდა კლინიკაში" - აცხადებენ უწყებაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოთქვამს საფუძვლიან ეჭვს, რომ ტელეკომპანია "ტვ პირველი" ცრუ ინფორმაციის გავრცელების და აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის გზით ცდილობს სამსახურის დისკრედიტაციას და მღელვარების გამოწვევას პატიმრებსა და მათ ოჯახებში, რაც არის ღირსებისგან დაცლილი საქციელი და სცილდება ყველანაირ ჟურნალისტურ სტანდარტს. ამის ნათელი მაგალითი იყო რამდენიმე კვირის წინ მიმდინარე ცილისმწამებლური კამპანია ციხეებში ვითომდა ვირუსის უკონტროლო გავრცელებასთან დაკავშირებით, რაც არ დადასტურდა და ამის ნათელი მაგალითია დაწესებულებებში ვირუსის ცალკეული შემთხვევები, რომელთა შესახებ სამსახური საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას აცნობს. შესაბამისად, პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შესაძლოა პატიმრების ან მათი ოჯახების შეშფოთება გამოიწვიოს, ხოლო მედიასაშუალებებს მოუწოდებს მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და დაიცვან ჟურნალისტური სტანდარტები.