საქართველოსა და აშშ-სსტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ონლაინ რეჟიმში შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
მიხეილ ჩხენკელი: „დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან ერთად ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში. აღნიშნული შეთანხმება ქმნის იდეების, ინფორმაციის, ტექნოლოგიების გაცვლისა დაერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ამ სფეროების განვითარებას და გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოების კეთილდღეობისა და ეკონომიკური ზრდის საფუძველი გახდება.
ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, რომლის როლი უმნიშვნელოვანესია საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარების კუთხით. მსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ამერიკის მთავრობას, ამერიკელ ხალხს და პირადად ელჩს, კელი დეგნანს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი უზარმაზარი წვლილისათვის.“
კელი დეგნანი: „შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აქვთ წარმატებული თანამშრომლობის გრძელი და წარმოსადეგი ისტორია მეცნიერებისა და განათლების სფეროში – ქართული უნივერსიტეტების მხარდასაჭერად სტუდენტებისა და მეცნიერების გაცვლითი პროგრამების მეშვეობით. დღეს ჩვენ ვდგამთ შემდგომ ნაბიჯებს ჩვენი მთავრობების სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის განმტკიცებისთვის.“
ურთიერთშეთანხმება საქართველოსა და აშშ-ს შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის 10 წლიანი პერიოდით გახანგრძლივებას ითვალისწინებს. მის მთავარ მიზანს მხარეთა სამეცნიერო და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერება და ორივე ქვეყნის აკადემიურ წრეებს შორის ურთიერთობების გაფართოების ხელშეწყობა წარმოადგენს.
"საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა განათლების სფეროში მრავალი წელია გრძელდება.ამ ეტაზე ზოგადი განათლების მიმართულებით ხორციელდება USAID-ის 7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი – AchievingStudent-CenteredEducationfor a NewTomorrow (ASCENT), რომელიც მოსწავლეებს კითხვის, მათემატიკის, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ფართოვდება Fulbright-ის პროგრამა და დაემატება „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტის“ (ETA) კომპონენტი, რომლის მიზანია რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა.
აშშ-ს მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) 140 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისმეორე კომპაქტის მიერ საქართველოს განათლების ყველა საფეხურზე განხორციელებულმა უმსხვილესმა ინვესტიციამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებზე. კომპაქტის ფარგლებში 2014-2019 წლებში სრულად რეაბილიტირდა 91 საჯარო სკოლა და აღიჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით. სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 40 ათასამდე მოსწავლისთვის, 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი, შემუშავდა 51 ახალი პროფესიული განათლების პროგრამა.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის დაფინანსებით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალი მაღალი ხარისხის ტექნოლოგიურ და საინჟინრო ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს 2015 წლიდან ახორციელებს. საქართველოს მთავრობასა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის თანამშრომლობის შედეგად 2020 წელს, რეგიონში პირველად, თსუ-ს ორმა საბაკალავრო პროგრამამ მიიღო ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია" - აცხადებენ განათლების სამინისტროში.