„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე მთავრობას დაუდასტურა ვაქცინის მიღებასთან
დაკავშირებული ინფორმაცია და საქართველო თებერვალში მიიღებს „ფაიზერის" ვაქცინას, რომელიც აკრედიტებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, პირველ რიგში, მოხდება იმ ადამიანთა ვაქცინაცია, რომლებიც კოვიდ 19-თან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.
„ჩვენი მიზანია, რომ მინიმუმ, მოსახლეობის 60% აიცრას - ეს დაგვიცავს მომავალში ვირუსის ფართო გავრცელებისგან. ვაქცინაცია პირდაპირ კავშირშია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების დაბრუნებასთან, შეზღუდვების მოხსნასთან. ხელისუფლებამ ძალიან თანმიმდევრულად იმუშავა ვაქცინის მისაღებად და შედეგიც გვაქვს - მე დარწმუნებული ვარ, ეს პოზიტიურ გავლენას მოახდენს საზოგადოების ჯანმრთელობაზე და ეკონომიკის გახსნაზე",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.