გურიის რეგიონში საერთაშორისო პროექტის „ევროპული სოლიდარობის დღეები პრეილში“
დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც მრავალმხრივი პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებასა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრაში ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, პროექტის პარტნიორები: პრეილის (ლატვია) და ნიჟინის (უკრაინა) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში გამოცხადებული საერთაშორისო შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებული ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები დაჯილდოვდნენ. მათ საჩუქრები საერთაშორისო ჟიურის, გურიის სამხარეო ადმისტრაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სახელით სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ გადასცეს. მხარეებმა შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.
„ პროექტი მიზნად ისახავს ლატვიის ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ლატვიურ-უკრაინულ-ქართული შემოქმედებითი კონკურსი ახალგაზრდებისათვის. კოვიდ - 19 გათვალისწინებით პროექტი მოდიფიცირდა და ონლაინ ფორმატში წარიმართა ( ჩატარდა საინფორმაციო, საგანმანათლებლო ონლაინ ვებინარი და ინტერაქტიული შეხვედრები). პროექტის მონაწილეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, თანამონაწილეობით პროცესების გააქტიურებაზე. მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და კონკურსის ორგანიზატორებს“ - გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია.
„ ძალიან სასიხარულოა, რომ გურიის რეგიონის ჩართულობა ლატვიაში, ადგილობრივი სოლიდარობის ევროპული დღეების პროექტის ფარგლებში აქტიურად და წარმატებით ხორციელდება, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ურთიერთობების გაღრმავებას, მუნიციპალიტეტების დონეზე ლატვიას და საქართველოს შორის და გამოცდილების გაზიარებას. მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს, მონაწილეებს და ვულოცავ პროექტის გამარჯვებულებს“ - თეა მაისურაძე, ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
როგორც შეხვედრაზე ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ აღნიშნა, ოზურგეთისთვის მნიშვნელოვანია ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის გაღმავება. საერთაშორისო გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკების გაზიარების მიზნით, მუნიციპალიტეტი კვლავაც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას ლატვიის, უკრაინის და სხვადასხვა ქვეყნის მუნიციპალიტეტებთან. ასევე, იგეგმება მემორანდუმის გაფორმება პროექტში მონაწილე პარტნიორებთან.