საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირველი ვიცე-პრემიერის, რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს სავაჭრო ცენტრებისა და არასასურსათო მაღაზიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, რომლებიც მუშაობას 1-ლი თებერვლიდან განაახლებენ.
საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომლებიც, ვირუსის პრევენციის მიზნით, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით შემუშავდა, რათა დაცვის მექანიზმებისა და დამატებითი კომპონენტების გათვალისწინებით, ბიზნესმა გახსნის ეტაპზე კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი უზრუნველყოს. ამ მიზნით, ბიზნესს ექნება ვალდებულება, სხვა რეგულაციებთან ერთად, როგორიც არის მათ შორის რიგების მართვა და მაღაზიაში ერთდროულად მომხმარებელთა დაშვების კონტროლი, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე. კერძოდ, ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება. ბიზნესს აქვს საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე - www.labour.moh.gov.ge და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 1-ელ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თანამშრომლები.
არასასურსათო ვაჭრობის სექტორის წარმომადგენლებმა მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს. მსჯელობის შედეგად, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ არასასურსათო ვაჭრობის სექტორის ოპერირების წესში არსებული შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება, კერძოდ, 1-ლი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო. ამასთან, დასაშვები ხდება გასახდელების ფუნქციონირება. გარკვეული შემსუბუქება გავრცელდება სავაჭრო სივრცის ერთ კვადრატულ მეტრზე მომხმარებელთა დაშვების მიმართულებითაც.
პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად ითვალისწინებს როგორც ბიზნესისა და ეკონომიკის, ისე მოქალაქეების ჯანმრთელობის ინტერესებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს ეპიდემიოლოგიური ფონის ყოველდღიური, დეტალური ანალიზის საფუძველზე, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელს, რომელიც 4%-ზე ნაკლები უნდა იყოს.
ხაზი გაესვა ქვეყანაში 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების შედეგად მიღწეულ შედეგებს და შემსუბუქების მიმართულებით მაქსიმალურად ფრთხილი, თანმიმდევრული მიდგომის გამოყენების აუცილებლობას, რათა ინფიცირების შემთხვევები ისევ მკვეთრად არ გაიზარდოს და საფრთხე არ შეექმნას როგორც მოქალაქეთა ჯანმრთლობას, ასევე ეკონომიკას - აღდგენის გრძელვადიანი მიზნებიდან გამომდინარე.
ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია გრძელდება. მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, ისევე, როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატი, მუდმივად ჩართულია ბიზნესთან უშუალო სამუშაო პროცესში.