ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ფეხით მსვლელობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადაინაცვლეს.
მსვლელობის გამო ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა ჩაიკეტა. აქციის მონაწილეები საზოგადობრივი მაუწყებლისგან გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხის მიერ ფინანსდება შესაბამისად, მათი ვალია აღნიშნული კადრები საზოგადოებას მიაწოდონ.
სტუდენტების აქციას უნივერსიტეტის ლექტორებიც შეუერთდნენ. როგორც პროფესორმა მარინა ჩიტაძემ აღნიშნა დღეს, საქართველოს 1974 წლისგან განსხვავებით, უფრო მეტი აქვს დასაცავი - დღეს საქართველომ ადამიანის ღირსება უნდა დაიცვას.
„თუ, ადამიანი დაუცველია, მაშინ სამართალდამცველ ორგანოებს უნდა მიმართო, მაგრამ დღეს საქართველოში სამართალდამცველები აღარ არიან“-განაცხადა მარინა ჩიტაძემ.
მისივე თქმით, ყველა უნდა გაერთიანდეს და ათ დღეში არჩევნებზე მივიდეს.
სტუდენტების აქციის მონაწილეთა ნაწილი აქციას კანცელარიასთან შეუერთდება, ხოლო ნაწილი მოდულის შენობისკენ გადაინაცვლებს.

















