არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უფლებადამცველები ხელისუფლებისგან ულტიმატუმის სახით მაღალი თანამდებობის პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვენ.
ამის შესახებ აღნიშნულია სპეციალურ მიმართვაში, რომელიც თბილისში, ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორმა შორენა შავერდაშვილმა და უფლებადაცველმა დაჩი ცაგურიამ გააცნეს.
სამოქალაქო საზოგადოება მოითხოვს მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის მინისტრების, მთავარი პროკურორისა და სხვა პირების სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, ასევე, სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელი პირების პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, უნდა დაიწყოს დამოუკიდებელი გამოძიება პატიმრების წამების არა მხოლოდ ბოლო დროს მომხდარი ფაქტების, არამედ ომბუდსმენის გასული წლის ანგარიშში ასახულ 140 მსგავს შემთხვევაზე.
უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოითხოვენ გამოძიებაზე მონიტორინგის დაწესებას იმ მიზნით, რომ ვიდეო მასალის გამავრცელებელი პირებისა და მათი ოჯახების წევრების უსაფრთხოება დაცული იყოს.
მიმართვის ავტორები მოუწოდებენ სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს, თავისი წვლილი შეიტანონ მონიტორინგის პროცესში.
როგორც აქციაზე აღინიშნა, ამ მოთხოვნების შესრულებაზე კონკრეტული ვადები დაწესდება და ხელისუფლებას ისინი ულტიმატუმის სახით წარედგინება.

















