დეპუტატების წინაშე სიტყვითგა მოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეებისა და მეცნიერების დაკავშირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მეცნიერებით დაინტერესებული ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა.
მიხეილ ჩხენკელი:„ნიჭიერი ბავშვების თემა პრიორიტეტული საკითხია ჩემთვის. პირადი გამოცდილებიდან მინდა გითხრათ, რომ ქვეყნის განვითარების მიმართულებით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნიჭიერი ბავშვების ხელშეწყობას, რადგან ჩვენი ქვეყნის მთავარი საგანძური არიან სწორედ ის სწავლასმოწყურებული ახალგაზრდები, რომლებიც ახალი ცოდნის მიღებით არიან დაინტერესებული. შესაბამისად, ჩვენ მოვახდენთ ქვეყნის სახელოვანი, ცნობილი მეცნიერების დაკავშირებას ამ ბავშვებთან, რომ სწორედ მათი მზრუნველობის ქვეშ დავაკვალიანოთ ეს ნიჭიერი ახალგაზრდები. ეს მხოლოდ ერთი მიმართულებაა, ზოგადად, მე უფრო ვრცლად ვისაუბრებ ამ საკითზე, როდესაც მომეცემა საშუალება. უფრო ზუსტად, უნივერსიტეტისა და სკოლის დაკავშირებაზე, რომ ჩვენი სახელოვანი პროფესორები უფრო აქტიურად ჩავრთოთ სწავლა-სწავლების პროცესში.“
მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ პროექტები, რომლებსაც სამინისტრო რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დახმარებით ახორციელებს, კერძოდ, სასკოლო აკადემიური ოლიმპიადები, აუცილებლად გაგრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბური გახდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ნიჭიერი ბავშვების განვითარებას. სამინისტროს ინიციატივით, უნივერსიტეტი სკოლაში კიდევ უფრო ნათლად იქნება წარმოჩენილი და ჩვენი სახელოვანი მეცნიერები ჩაატარებენ საინტერესო გაკვეთილებს. პროცესში გამოყენებული იქნება, როგორც ონლაინ ფორმატი, ასევე, სკოლებში გაიმართება მეცნიერების ვიზიტები, მაშინ როდესაც ბავშვები ჩვეულ საგანმანათლებლო გარემოში დაბრუნდებიან. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ეს იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოს ნიჭიერი ახალგაზრდები ინტელექტუალური შრომით კიდევ უფრო დაინტერესდნენ.

















