ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორ გია ბარამიძეს თსუ-ში ჩატარებული პროფესორ-მასწავლებლების
შესარჩევი კონკურსის ობიექტურობაში ეჭვი შეაქვს.
როგორც გია ბარამიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, წლევანდელი კონკურსი წინა წლების კონკურსებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა, რადგან წელს კონკურსს ე.წ „ტროიკები“ ატარებდნენ.
მისი თქმით, წელს კონკურსის მონაწილეები ადმინისტრაციის სამმა წარმომადგენელმა შეაფასა.
„ჩემი ბევრი კოლეგა ჩვენს გათავისუფლებას განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნების წარმომადგენლობების შეფასებებს უკავშირებს, რომლებმაც მიგვითითეს, რომ საქართველოში ლენინიზმის ელემენტებია“ - განაცხადა გია ბარამიძემ.
მისივე თქმით, დღეს რასაც გათავისუფლებულ პროფესორებს უკეთებენ, სხვა არაფერია თუ, არა მათი სიმბოლური დახვრეტა.
„ეს არის ანალოგი იმისა, რაც გასული საუკუნის 30-იან წლებში ხდებოდა“-აღნიშნა ბარამიძემ.
თსუ-ს ლიტერატრული სალონის მთავარი რედაქტორის ლექსო დორეულის განცხადებით, გია ბარამიძემ უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ პროფესორთა შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა.
მისივე თქმით, თსუ-ს ოფიციალური ინფორმაციით, გია ბარამიძემ კონკურსის პირობები ვერ დააკმაყოფილა და უნივერსიტეტი ერთ კვირაში უნდა დატოვოს.
დორეული განმარტავს, რომ კონკურსზე წარსადგენი იყო ნაშრომი, რომელიც მკვლევარის მეცნიერულ პოტენციალს საუკეთესოდ წარმოაჩენდა.
„მაშინ, როცა კონკურსის პირობებით მხოლოდ ერთი ნაშრომის წარდგენა იყო საჭირო, რატომღაც, ბარამიძის კონკურენტმა სამი წარადგინა, რაც მას უპირატესობად ჩაუთვალეს. გია ბარამიძე 11 ენას სრულყოფილად ფლობს. თუმცა, ენების შეფასების შკალაში - საშუალო ჩაუწერეს, რაც ბადებს ეჭვს, რომ კონკურსი არათანაბრი პირობებით ჩატარდა“ - განაცხადა ლექსო დორეულმა.
დორეულის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე იგი სასამართლოს მიმართავს.

















