„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კრწანისში სოციალური საცხოვრებლის აშენების ინიციატივით გამოდის.
როგორც ზაზა გაბუნიამ დღეს მეიდანზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, კერძო ინვესტორების მხარდაჭერით, კრწანისში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების აშენებას აპირებს.
მისი თქმით, აღნიშნულ კორპუსებში დიდი რაოდენობით უსახლკარო ჩასახლდება. გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე, საცხოვრებლით წელიწადში მხოლოდ 10 ოჯახი კმაყოფილდება.
„პირველ რიგში გათვალიწინებული იქნება მათი მომართვიანობა. შემდეგ კი, კომისია მათ მდგომარეობას გამოიძიებს და დაადასტურებს არის თუ არა ოჯახი ნამდვილად უსახლკარო. აღნიშნულ შემთხვევაში, მსგავსი ოჯახების სოციალურად დაუცველთა ბაზაში ყოფნა კრიტერიუმი არ უნდა იყოს “ - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ძალიან ბევრი ოჯახია, რომლებიც ბანკის ვალების გამო, საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ, მაგრამ სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ არიან. ბაზაში მოხვედრა კი, პრობლემას წარმოადგენს.
„თბილისის მერიას საკმაოდ მწირი შესაძლებლობები აქვს. წელიწადში საცხოვრებლით მხოლოდ ათი ოჯახი კმაყოფილდება. ჩვენი პროექტის შემთხვევაში, საკმარისია ადამიანს არ ჰქონდეს საცხოვრებელი. პრიორიტეტი მიენიჭება იმას, ვისაც უფრო მეტად სჭირდება დახმარება“ - აღნიშნა გაბუნიამ.

















