არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობა“ „ქართულ ოცნების“ ლიდერთან ბიძინა
ივანიშვილთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო მოძრაობის თავმჯდომარემ ნესტან კირთაძემ განაცხადა, ბრიუსელში გამგზავრებისას მას კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მდივანი დაუკავშირდა და შეხვედრაზე მიიწვია.
როგორც კირთაძემ აღნიშნა, ბრიუსელში გამგზავრების გამო, აღნიშნულ შეხვედრაზე უარი თქვა, თუმცა, ახლა საქართველოშია და მზადაა ივანიშვილთან მესამე შეხვედრა გამართოს.
მისივე თქმით, თუკი მათი პოზიციების შეჯერება მოხდება, „ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობა“ მასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.
„ჩვენი ძლიერება ჩვენი გამჭვირვალობაა, ჩვენთან თანამშრომლობა ყველა პოლიტიკური ძალისა და ბიზნესისთვის ხელმისაწვდომია“- აღნიშნა კირთაძემ.
მოძრაობის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსების მიღებას უარყოფს. მისი განმარტებით, „ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობა“ ბიზნესის მხარდაჭერით, გრატებით, კერძო შემომწირველებითა და საწევრო გადასახადებით ფინანსდება.
„ამ მოძრაობას ჰყავს რამდენიმე კერძო დამფინანსებელი და შემომწირველი, მათ შორის ჩემი მეუღლე. საერთაშორისო მოძრაობას ფინანსურად არ გაუჭირდება, რადგან მის დეკლარაციაში იმთავითვე ჩადებულია რამდენიმე დაფინასების წყარო, მათ შორის ბიზნესის მხარდაჭერა, გრატები, საწევრო გადასახადი და სხვა“- აღნიშნა მან.

















