ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ამ წუთებში სტუდენტთა ერთი ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს.
როგორც ჟურნალისტებს „თავისუფალ სტუდენტთა კავშირის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მეტრეველმა განუცხადა, დღეს უნივერსიტეტში უამრავი უკანონობა ხდება, მათ შორის, ლექტორების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება.
„უნივერსიტეტი, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბიდან იმართება. უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი ხელისუფლების მარიონეტია და ის გადაწყვეტილებებს პოლიტიკური ნიშნით იღებს. მათი მიზანია ახალგაზრდაში ჯანსაღი აზრი მოკლან“ - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.
მისივე თქმით, მოახლოებული არჩევნების გამო, შეშინებულები და გაფაციცებული არიან - სწორედ ამიტომაა, რომ უნივერსიტეტის ეზოში დაცვის თანამშრომელებია მობილიზებული.
აქციის მონაწილეები სტუდენტთა დანარჩენი ნაწილის შეერთებას ელოდებიან.

















