სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბაგრატის ტაძრის აღდგენას უდიდესი სასწაული უწოდა.
როგორც უწმინდესმა ბაგრატის ტაძარში წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საზოგადოება უდიდესი სასწაულის მომსწრეა, რადგან ასეული წლების განმავლობაში, ბაგრატის ტაძრის მხლოდ ნანგრევებს უყურებდა.
„ჩვენ მომსწრენი ვართ უდიდესი სასწაულისა, ათეული და ასეული წლების განმავლობაში მოვდიოდით და ვუყურებდით ბაგრატის ტაძრის ნანგრევებს და ახლა ვხედავთ აღდგენილ ტაძარს. ჩვენ ვმადლობთ უფალს. ეს არის უდიდესი სასწაული, ამიტომ ვხარობთ აღდგომის სიხარულით“ - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა ბაგრატის ტაძრის აღდგენაში მონაწილეობისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.
როგორც მან აღნიშნა, არქიტექტორები და მეცნიერები ათეული წლების განმავლობაში მსჯელობდნენ ტაძრის აღდგენზე, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს.
„ჩვენ მადლიერი ვართ ყველასი და განსაკუთრებით თქვენი ბატონო პრეზიდენტო და მათიც, ვინც მიიღეთ მონაწილეობა ამ დიდებული ტაძრის აღდგენაში. ათეული წლების მანძილზე არქიტექტორები და მეცნიერები მსჯელობდნენ ამ ტაძრის აღდგენაზე, მაგრამ ვერ შეძლეს. ღმერთმა ინება ტაძარი აღმდგარიყო დღეს, როგორც სიმბოლო აღდგომისა, საქართველოს გაბრწყინებისა“ - ბრძანა უწმინდესმა.
განახლებული ბაგრატის ტაძარი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. დღესვე, ტაძარი ეკურთხა და პატრიარქმა ბაგრატში წირვა-ლოცვა აღადგინა.
საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ როგორც პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე, ოპოზიციური პარტიების თითქმის სრული სპექტრი და მრევლი.

















