საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრი ზაზა გაბუნია მერიის გადაწყვეტილებას მუნიციპალურ ტრანსპორტში ფასდაკლების ახალი სისტემის
შემოღების შესახებ, წინასაარჩევნო „ტრიუკად“ აფასებს.
როგორც გაბუნიამ დღეს „ნიუსპრესს“ განუცხადა, ამ ნაბიჯით თბილისის მერია მოსახლეობაში სიმპათიის გამოწვევას ცდილობს.
„მერიამ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩენისთანავე ხუთი ლარი ჩაურიცხა ხალხს „მეტრომანის“ ბარათებზე. როდესაც ხელისუფლებას პოლიტიკურად უჭირს, მაშინ ახსენდება, რომ მგზავრობა ძვირია. ასე რომ, ეს წინასაარჩევნო გადაწყვეტილებაა“ - განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არასრულფასოვანია და მთელი რიგი ნაკლოვანებები აქვს.
„იქნებ ადამიანი მეორედ მგზავრობას საათნახევრის განმავლობაში ვერ ახერხებს. ამ შემთხვევაში, მას მგზავრობის საფასური უძვირდება. გამოდის, რომ ეს ინიციატივა ფართო მასებს არ შეეხება. ადამიანები, რომელიც დამოკიდებულები არიან მუნიციპალურ ტრანსპორტზე, დილით გადიან და საღამოს ბრუნდებიან, უფრო მეტს გადაიხდიან“-აღნიშნა მან.
გაბუნია აცხადებს, რომ არავითარი წინაპირობა არ არსებობს იმის ვარაუდისთვის, რომ მერიის აღნიშნული გადაწყვეტილებით მგზავრობა გაიაფდება ან უფრო კომფორტული გახდება.
„თუ დედაქალაქის მერიას რეალურად მგზავრობის გაიაფება სურდა, უბრალოდ, გაენახევრებინა საფასური“ - მიიჩნევს ზაზა გაბუნია.
ამასთან, საკრებულოს წევრი არ გამორიცხავს, ფასდაკლების ახალი სისტემა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაუქმდეს.
დედაქალაქის მუნიციპალურ ტრანსპორტში დღეიდან ფასდაკლების ძველი სისტემა უქმდება და ახალი მოქმედებს.
ახალი სისტემის ფარგლებში, ყველა იმ მგზავრს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულებას ელექტრონული ბარათით - მეტრომანით გადაიხდის, შესაძლებლობა აქვს მუნიციპალურ ტრანსპორტში პირველი მგზავრობის საფასური 50 თეთრი გადაიხდოს და საათნახევრის განმავლობაში, მეტროსა და ავტობუსში, სხვა მარშრუტზე გადაჯდომისას უფასოდ იმგზავროს.
ფასდაკლების ძველი სისტემა, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტით პირველი მგზავრობისას 50 თეთრიან, იმავე დღეს მეორე მგზავრობა 30 თეთრიან, ხოლო მესამე და დანარჩენი მგზავრობა 20 თეთრიან ტარიფს გულისხმობდა, გაუქმებულია.

















