დედაქალაქის მუნიციპალურ ტრანსპორტში დღეიდან ფასდაკლების ძველი სისტემა უქმდება და ახალი მოქმედებს.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ახალი სისტემის ფარგლებში, ყველა იმ მგზავრს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულებას ელექტრონული ბარათით, მეტრომანით გადაიხდის, შესაძლებლობა აქვს მუნიციპალურ ტრანსპორტში პირველი მგზავრობის საფასური 50 თეთრი გადაიხდოს და საათნახევრის განმავლობაში, მეტროსა და ავტობუსში, სხვა მარშრუტზე გადაჯდომისას უფასოდ იმგზავროს.
ახალი ფასდაკლების სისტემა ვრცელდება ყველა იმ კატეგორიის მგზავრზეც, რომელიც სხვადასხვა სახის შეღავათებით უკვე სარგებლობს (პენსიონერები, სტუდენტები, პედაგოგები, სოცილურად დაუცველები).
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ფასდაკლების აღნიშნული სისტემა აპრობირებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია ყველა იმ მგზავრისთვის, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეგულარულად სარგებლობს.
ამასთან, „ნიუსპრესს“ ტრანსპორტის სამსახურში დაუდასტურეს, რომ ფასდაკლების ძველი სისტემა, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტით პირველი მგზავრობისას 50 თეთრიან, იმავე დღეს მეორე მგზავრობა 30 თეთრიან, ხოლო მესამე და დანარჩენი მგზავრობა 20 თეთრიან ტარიფს გულისხმობდა, გაუქმებულია. ახალი სისტემით, მოქალაქე პირველ ჯერზე 50 თეთრს გადაიხდის, საათნახევრის განმავლობაში ის ნებისმიერ ჯერზე უფასოდ იმგზავრებს, ხოლო საათნახევრის შემდეგ, ისევ 50 თეთრს გადაიხდის.

















