2012 წელს საქართველოს მასშტაბით 83 საჯარო სკოლაში „მომავლის კლასი“ მოეწყო.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი „მომავლის კლასები“ ყველა რეგიონის დიდი ქალაქების სკოლებში გაიხსნება.
დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ თბილისის 24-ე საჯარო სკოლის „მომავლის კლასი“ დაათვალიერა. „მომავლის კლასი“ ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, დამონტაჟებულია ინტერაქტიული სმარტდაფა და თოთხმეტი მონიტორი.
ულტრათანამედროვე ტექნიკის საშუალებით მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ჩაატარონ ინტეგრირებული გაკვეთილები, ხოლო დამონტაჟებული მონიტორები სასწავლო პროცესში მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს.
„მომავლის კლასებიდან“ საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა „მომავლის კლასთან“ ონლაინ ჩართვაა შესაძლებელი.
გაკვეთილზე მასწავლებელს საშუალება აქვს მონიტორის საშუალებით თვალყური ადევნოს მოსწავლეების მუშაობის პროცესს, საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაუწიოს და მათ კომენტარი გაუგზავნოს.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მრავალფუნქციურ საკლასო ოთახში შესაძლებელია ჩატარდეს ინგლისურის, ქართულის, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, გეოგრაფიის, გეომეტრიის გაკვეთილები.
მოსწავლეებს საშუალება აქვთ შეინახონ და შემდგომ გამოიყენონ ჩატარებული გაკვეთილების ელექტრონული ვერსია, ხოლო მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია და აუდიო სისტემა ახალი მასალის ეფექტური პრეზენტაციის საშუალებას იძლევა.

















