თბილისელები მუნიციპალურ ტრანსპორტში ხვალიდან ფასდაკლების ახალი სისტემით ისარგებლებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული სიახლე ვებ-გვერდზე www.chemitbilisi.com განთავსდა და 5 დღის განმავლობაში თბილისელებს შესაძებლობა ჰქონდათ ახალი ინიციატივისთვის მხარი დაეჭირათ.
მისივე ცნობით, ვებ-გვერდზე განთავსებულმა ინიციატიავამ ხმათა საჭირო რაოდენობაზე მეტი მოიპოვა და შესაბამისად, ძალაში შევიდა.
ფასდაკლების ახალი სისტემის ფარგლებში, ყველა იმ მგზავრს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულებას ელექტრონული ბარათით, მეტრომანით გადაიხდის, შესაძლებლობა აქვს მუნიციპალურ ტრანსპორტში პირველი მგზავრობის საფასური 50 თეთრი გადაიხდოს და საათნახევრის განმავლობაში, მეტროსა და ავტობუსში, სხვა მარშრუტზე გადაჯდომისას უფასოდ იმგზავროს.
ახალი ფასდაკლების სისტემა ვრცელდება ყველა იმ კატეგორიის მგზავრზეც, რომელიც სხვადასხვა სახის შეღავათებით უკვე სარგებლობს (პენსიონერები, სტუდენტები, პედაგოგები, სოცილურად დაუცველები).
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ფასდაკლების აღნიშნული სისტემა აპრობირებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია ყველა იმ მგზავრისთვის, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეგულარულად სარგებლობს.

















