სამოქალაქო მოძრაობას „გადაარჩინე სიცოცხლე“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პროფესორთა დაცვის ლიგა“ შეუერთდა.
ამის შესახებ განცხადება დღეს ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ „ჯაზუში“ „პროფესორთა დაცვის ლიგის“ თავმჯდომარემ ვაჟა შუბითიძემ გააკეთა.
მისი თქმით, ისინი სამოქალაქო მოძრაობას სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით უერთდებიან.
„სამოქალაქო მოძრაობას ვუერთდებით, რათა ჩვენი შვილების მომავალი დაცული იყოს და აქამდე გაჭირვებით მოყვანილი ქვეყანა თავზე არ დაგვექცეს“ - განაცხადა ვაჟა შუბითიძემ.
მისი თქმით, როცა ხელისუფლება უკანონო გზითაა არჩეული, არჩევნების შინაგან ლეგიტიმურობას არავინ აღიარებს და მხოლოდ გარეგანი ფორმალური მხარეებია წინ წამოწეული, მოსახლეობაში ჩადებული მუხტი კი, ლეგიტიმურ კრიზისს იწვევს.
„ლეგიტიმური კრიზისის ერთ-ერთი გამოხატულებაა არამარტო ის, რომ საზოგადოებას ავიწროვებენ, არამედ ისიც, რომ ხალხი ქვეყნიდან მასიურად გარბის. ჩვენ მხოლოდ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დავუჭერთ მხარს“ - განაცხადა მან.
„პროფესორთა დაცვის ლიგა“ სხვა ორგანიზაციებს სამოქალაქო მოძრაობაში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს.

















