საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ
მიცკევიჩი სტუდენტების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა და მათთან სასწავლო პროცესის საუნივერსიტეტო სივრცეში გაგრძელების დეტალები განიხილა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამინისტრო ყოველთვის მზად არის თანამშრომლობისთვის, შესაბამისად, სტუდენტებთან შეხვედრები რეგულარულად იმართება და მიმდინარე აქტუალური საკითხები მათთან ერთად განიხილება.
დღეს სტუდენტებთან შეხვედრაზე ნუნუ მიცკევიჩმა სასწავლო ფორმატთან დაკავშირებული საკითხები განიხილა და მათ სააუდიტორიო სივრცეებში დაბრუნების გეგმა გააცნო.
ნუნუ მიცკევიჩი: „ჩვენს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი იქნება სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვით განპირობებული. გადაწყვეტილებას არადისტანციურად სწავლის გაგრძელების შესახებ მივიღებთ ეტაპობრივად, თანდათანობით, როგორც ცალკეული საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე მთლიანად უნივერსიტეტების შემთხვევაში. იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე, ამ სემესტრის განმავლობაში, უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცე აუდიტორიებში გააგრძელებს სასწავლო პროცესს.“
მინისტრის მოადგილის თქმით, ამ თანმიმდევრული მიდგომის დასტურია ის ფაქტიც, რომ თელავისა და ახალციხის უნივერსიტეტებთან ერთად 1-ლი ოქტომბრიდან სასწავლო პროცესს სააუდიტორიო სივრცეში გორის უნივერსიტეტიც განაგრძობს.