მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ფართომასშტაბიან აქციას - ,,დავასუფთავოთ საქართველო“ უერთდება.
ამ მიზნით თვითმმართველობამ საინფორმაციო კამპანია - „მარნეული - სუფთა ქალაქი“ დაიწყო, რომლის ფარგლებში დღეს მარნეულში დასუფთავების აქცია მოეწყობა.
აქციაში ჩართვას ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ასევე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები გეგმავენ.
კამპანია 17 სექტემბერს შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდება, რომელიც მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგება.
შეხვედრაზე ადგილობრივი მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდებიან. საუბრის თემა ნარჩენების მენეჯმენტის პრობლემის მოგვარების გზებია.
აქცია ,,დავასუფთავოთ საქართველო“ უკვე მესამედ იმართება. ის დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანიის - "დავასუფთავოთ მსოფლიო“ ფარგლებში ტარდება.

















