რუსთავის იუსტიციის სახლს ნატოს ელჩები ესტუმრნენ. როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სახლიდან აცნობეს, მაღალი რანგის
ხუთ დიპლომატს იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჩიჩუამ უმასპინძლა. მან სტუმრებს მომსახურების სივრცეები დაათვალიერებინა და იუსტიციის სახლის კონცეფცია გააცნო.
სპეციალური ტურის ფარლებში დელეგაციის წევრები იუსტიციის სახლების ფუნქციონირების სპეციფიკას გაეცნენ და სხვადასხვა სერვისების მიწოდების ხანგრძლივობისა და სტანდარტების, აგრეთვე ონლაინ მომსახურების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
ვიზიტის ბოლოს ნატოს ელჩებმა ფილმი „მომავლის საქართველო“ ნახეს, რომელიც ქვეყანაში გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებს ეხება.
სტუმრებს იუსტიციის სახლის სიმბოლური პასპორტები და საიმიჯო აქსესუარები გადაეცათ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ნატოს ელჩები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, რეინტეგრაციის მინისტრსა და უშიშროების საბჭოს მდივანთან, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
იუსტიციის სახლის გარდა, ისინი გორის სამხედრო ბაზასაც მოინახულებენ.

















