„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ეკონომიკური პროგრამის მიხედვით, არჩევნებში მათი გამარჯვების შემდეგ, სოციალური სფეროსთვის 2,1 მლრდ
ლარი გამოიყოფა, საიდანაც 80 მლნ ჯანდაცვას მოხმარდება.
ამის შესახებ მოძრაობის ლიდერებმა ლევან ვეფხვაძემ და მაგდა ანიკაშვილმა ეკონომიკური პროგრამის - „ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის“ პრეზენტაციაზე განაცხადეს.
როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, პენსიები 240 ლარამდე გაიზრდება. ზოგადი განათლების დასაფინანსებლად 690 მლნ., ხოლო უმაღლესი განათლებისთვის - 310 მლნ. ლარი გამოიყოფა.
მისი თქმით, სასკოლო სახელმძღვანელოებს ყველა მოსწავლე უფასოდ მიიღებს, ხოლო მასწავლებლის ხელფასი 900 ლარი იქნება.
პროგრამის მიხედვით, ამოქმედდება აგრარული კოოპერატივების განვითარების პროგრამა, რომელიც სოფლად 320 000 სამუშაო ადგილს შექმნის. ასევე, გათვალისწინებულია საწვავისა და სასუქის სუფსიდირება, მოსავლის დაზღვევა და ტექნიკის შეძენა.
ეკონომიკური პროგრამა ხარჯების გაზრდის გარდა, მათ შემცირებასაც ითვალისწინებს. კერძოდ, თავდაცვისა და შსს-ს ჯამური ბიუჯეტი არაუმეტეს 1 მლრდ ლარი იქნება, ნაცვლად დღეს არსებული 1,6 მლრდ. ლარისა.
რაც შეეხება იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ ფართებს, ქდმ-ს პროგრამის მიხედვით, მათი საცხოვრებელი ფართების აშენებას 150 მლნ ლარი მოხმარდება. ასევე, ფართების დაკანონების შემთხვევაში, შეუნარჩუნდებათ 100 კვტსთ. ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათი.
სახელმწიფო ვალებთან დაკავშირებით, „ქრისტიან-დემოკრატები“ აცხადებენ, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროგრამისთვის 60 მლნ ლარია გათვალისწინებული. 4 წლის განმავლობაში დაიხარჯება 240 მლნ ლარი, აშენდება 100 კორპუსი და დაკმაყოფილდება 9 000 დაზარალებული.
სახელფასო დავალიანების გასტუმრების პროგრამა ორწლიანია და ის ყოველწლიურად 35 მლნ ლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
„ქრისტიან-დემოკრატების“ ეკონომიკური პროგრამა ათი პუნქტისგან შედგება.

















