საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის შენობის
პრივატიზაციის შესახებ ოფიციალური ინფორმციის მიღებას მოითხოვენ.
პარლამენტის შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც „ნიუსპრესს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმღვანელმა ცოტნე ზურაბიანმა განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ წევრმა ნოდარ ხადურმა თვეების განმავლობაში რამდენჯერმე მიმართა, როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ასევე, საქართველოს პარლამენტს, თუმცა, უშედეგოდ.
„რელურად, კონკრეტულ კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ და წერილების და მიმოწერის თეატრალური იმიტაცია აქციაზეც წარმოვადგინეთ. მიხეილ სააკაშვილი დღესაც ბედავს და ქართველი ხალხის ინტერესებს აბუჩად იგდებს. ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ცენტრის - საქრათველოს პარლამენტის შენობის პრივატიზებასთან დაკავშირებით მოსახლეობას საქმის კურსში არ აყენებს“ - განაცხადა ზურაბიანმა.
მისი თქმით, როგორც ადრე ისე დღესაც, საქართველოს პრეზიდენტი ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით აწონებს თავს მოსახლეობას.
ზურაბიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ აღნიშნულ საკითხს აპროტესტებს და ობიექტის პრივატიზებასთან დაკავშირებით ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიღებას ითხოვს.
„ქართული ოცნება“ მოსახლეობას ჰპირდება, რომ მსგავსი ტიპის სტრატეგიული ობიექტების გაყიდვასთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობის გარეშე არცერთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს“ - აღნიშნა ზურაბიანმა.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ფეხით მსვლელობით მეტრო „რუსთველისკენ“ გაემართნენ.

















