კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში 2008 წლიდან საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 100 ათასამდე ქალმა
ჩაიტარა, ხოლო ძუძუს კიბოს სკრინინგი დაახლოებით 97 ათასმა.
პროგრამა საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსის პატრონაჟით ხორციელდება და გამოკვლევა უფასოა ნებისმიერი მოქალაქისთვის, ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით.
პირველი ლედის პრესსამსახურის ცნობით, ოთხი წლის განმავლობაში პროგრამის განხორციელების შედეგად საქართველოში მე-3 და მე-4 სტადიის ძუძუს კიბო სტატისტიკურად ქალბატონებში 52%-დან 13%-მდე შემცირდა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი ასაკობრივი კატეგორიები: ძუძუს კიბოს სკრინინგის 40-დან 70 წლამდე ქალბატონებისთვის, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - 25-დან 60 წლამდე ქალბატონებისთვის, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი - 50-დან 70 წლამდე ქალებისა და მამაკაცებისთვის, პროსტატის კიბოს სკრინინგი - 50-დან 70 წლამდე მამაკაცებისთვის.
სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა ხელმისაწვდომია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და ის რეგიონებში ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ასევე გაეროს მოსახლეობის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
პროგრამა მოქმედებს - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, კასპში, სამტრედიაში, ზუგდიდში, ხაშურში, ახალციხშე, თელავში, გურჯაანში, აბაშაში, სენაკში, ფოთში, ბათუმში, ლაგოდეხში, მარნეულში, ბორჯომში, ლანჩხუთში, საჩხერეში, ჭიათურაში, ზესტაფონში, ამბროლაურში და ბოლნისში. პროგრამაში ასევე ჩართულია 2 მობილური ჯგუფი.
სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისთვის საჭიროა დაკავშირება ტელეფონის ნომერზე (0 32) 220 35 35.

















