თბილისის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლები თბილისის „მეტროპოლიტენში“ შეფერხების მიზეზად ერთ-ერთ ვაგონში დაფიქსირებულ ტექნიკურ პრობლემას ასახელებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, პრობლემის გამო, ერთ-ერთი ვაგონი ელექტრონულად გაითიშა, რის შემდეგაც შემადგენლობის ჩიხში გადაყვანა გახდა საჭირო.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ინციდენტს მოძრაობა არ შეუფერხებია.
„მცირე ტექნიკური დაზიანება იყო. არც ხანძარს და არც მსგავს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. ვაგონი შემადგენლობიდან ელექტრონულად გაითიშა და მასთან არანაირი კონტაქტი აღარ ჰქონდა“ - განაცხადეს კომპანიაში.
მათივე თქმით, მეტროს მუშაობა არ შეჩერებულა. მგზავრები კი, შემდეგი მატარებლით გადაიყვანეს.
თბილისის „მეტროპოლიტენში“, სადგურ „მარჯანიშვილზე“ გუშინ დაახლოებით 20:22 საათზე ერთ-ერთ ვაგონში კვამლი დაგროვდა. მეტროს თანამშრომლებს ხანძარსაწინააღმდეგო საშუალების გამოყენება არ დასჭირვებიათ, რადგან ვაგონში ცეცხლი არ გაჩენილა.
მგზავრები მატარებლიდან გამოიყვანეს, მატარებლის შემდგენლობა კი, ტექნიკური შემოწმებისთვის ელექტროდეპოში გადაიყვანეს.

















