„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს ამერიკის საელჩოსთან 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ცერემონიაში პარტიის სხვა წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
11 წლის წინ, 11 სექტემბერს ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი – ბოინგ-767 ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93-ე და 99-ე სართულებს შორის, ადგილობრივი დროით, 08:45 საათზე შეეჯახა.
მეორე თვითმფრინავი ადგილობრივი დროით, 09:03 საათზე „ტყუპების“ სამხრეთ ცათამბჯენს 77-ე და 81-ე სართულებს შორის შეეჯახა.
მესამე გატაცებული თვითმფრინავი – ბოინგ-757 პენტაგონის მახლობლად, ადგილობრივი დროით, 09:45 საათზე ჩამოვარდა.
მეოთხე თვითმფრინავი კი, პენსილვანიის ტყეში, სამხრეთ-დასავლეთით, პიტსბურგიდან 125 კილომეტრში აფეთქდა.
2001 წლის 11 სექტემბერს 1 973 ადამიანი დაიღუპა, აქედან 24 დღემდე დაკარგულად ითვლება.

















