სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების,
საზოგადოებირივი მომსახურების პროფკავშირების ევროპული ფედერაციისა და მისი წევრი პროფკავშირების ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.
კონფერენციის ფარგლებში „საზაფხულო სკოლა“ გაიხსნა, რომლის თემატიკა - „საზოგადოებრივი მომსახურების გაუმჯობესება და ამ სექტორში კოლექტიური მოლაპარაკებების საშუალებით, დასაქმებულთა უფლებების მხარდაჭერაა“.
კონფერენციის მთავარი თემა, ევროპის ქალაქების - პარიზის, მიუნხენის და ლონდონის გამოცდილების საქართველოსთვის გაზიარებაა წყამომარაგების, ელექტროენერგიით უზრუნველყოფის, საქალაქო ტრანსპორტის მომსახურებისა და სხვა საკითხებში.
კონფერენციისა და „საზაფხულო სკოლის“ მუშაობაში „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის და შუა აზიის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სულ კონფერენციას 15 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.
საზოგადოებრივი მომსახურების პროფკავშირების ევროპული ფედერაცია აღნიშნული ღონისძიებით ევროკავშირის გეოგრაფიული საზღვრების გაფართოვებას და მის გარეთ მყოფ წევრ ორგანიზაციებში „ევროპის სოციალური დიალოგის“ დანერგვას გეგმვას.
კონფერენციაზე გამომსვლელთა შორის გრინვიჩის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის, საზოგადოებრივი მომსახურების, საერთაშორისო კვლევის განყოფილების წარმომადგენელი დევიდ ქოლი, ევროპული სოციალური დიალოგის ექსპერტი რიჩარდ პონდი და კოლექტიური მოლაპარაკებების საკითხებში მომსახურების საერთაშორისო ინტერნაციონალის ექსპერტები არიან.
საზოგადოებრივი მომსახურების პროფკავშირების ევროპული ფედერაციის წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოში მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში პროფკავშირების განმტკიცება აქტუალური საკითხია.
მათი თქმით, თუ საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას აპირებს, აუცილებელია, ხარისხიანი საზოგადოებრივი მომსახურებისა და სოციალურ დიალოგთან დაკავშირებული საკითხები განიხილოს.
კონფერენცია 13 სექტემბერს დაიხურება.

















