საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით,
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და UNICEF-ის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო ონლაინფორუმი „განათლება და ინოვაცია - ხარისხიანი განათლების მიწოდების უზრუნველყოფა ყველასთვის“.
შეხვედრა გახსნეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და ესტონეთის განათლებისა და კვლევის მინისტრმა მაილის რეპსმა. ფორუმის ფარგლებში მოხსენებით ასევე წარდგა მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე.
ფორუმზე განსახილველ მთავარ საკითხებს წარმოადგენდა: კორონავირუსის პანდემიის გავლენა განათლების სისტემაზე, ინოვაციის მნიშვნელობა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით და სხვა. ფორუმის მონაწილეებმა, ესტონეთის, საქართველოსა და UNICEF-ის წარმომადგენლებმა, ამ მიმართულებით ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილება გაუზიარეს.
მიხეილ ჩხენკელი: „მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, ხაზი გავუსვა ესტონეთსა და საქართველოს შორის მეგობრულ კავშირსა და მჭიდრო პარტნიორობას ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. ესტონეთმა არაერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მსურს, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ამისთვის მათ დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის საიმედო მეგობრულ კავშირს.
ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო UNICEF-ს საქართველოს განათლების სფეროს მხარდაჭერისთვის. გაეროს ბავშვთა ფონდმა, ესტონეთმა და საქართველომ წლების განმავლობაში დაამყარეს ძლიერი და ნაყოფიერი თანამშრომლობა. ძალიან ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას ქართული განათლების სისტემის რეფორმირებისა და გაუმჯობესების საქმეში“.
მიმართვის დროს მიხეილ ჩხენკლმა პანდემიის პერიოდში დისტანციური სწავლების დანერგვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწავლა-სწავლების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები დადებითად შეაფასეს ისეთმა ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა UNICEF, OECD, Microsoft და სხვა. მინისტრის თქმით, პანდემიამ სამინისტროს საშუალება მისცა, გამოწვევები შესაძლებლობად ექცია და ციფრული ტექნოლოგიები უფრო აქტიურად დაენერგა სასწავლო პროცესში.

















