საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით, ეროვნული სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე, თამაშის დასრულებამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დროებით აიკრძალება სატრანსპორტო საშუალებების პარკირება.
კერძოდ, 19:00 საათიდან მეტრო „წერეთლიდან“ თამარ მეფის გამზირის მიმართულებით, ასევე, ცაბაძის, დიდუბისა და ყიფიანის ქუჩებზე მოძრაობა ორივე მხარეს შეწყდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიცვლება ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის მარშრუტიც. საგანგებო რეჟიმში იმუშავებს თბილისის მეტროპოლიტენი. კერძოდ, დაემატება შემადგენლობები და სამუშაო დრო ერთი საათით გახანგრძლივდება.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს „დინამო არენაზე“ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საფეხბურთო მატჩი 21:30 საათზე დაიწყება.

















