განათლების სამინისტრო დღეიდან იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, დამატებით ონლაინ რეგისტრაციას იწყებს.
როგორც „ნიუსპრესს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ აბონენტებს შესაბამისი კონკურსის გათვალისწინებით უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის საშუალება აქვთ.
სამინისტროს ინფორმაციით, ონლიან რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი. რეგისტრაცია 10:00 საათიდან დაიწყება და 13 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება.
ამასთან, ხელახალი რეგისტრაცია აღარაა საჭირო - აბიტურიენტები იმავე ელექტრონულ ფოსტას და პაროლს გამოიყენებენ, რომელიც პირველადი რეგისტრაციის დროს ჰქონდათ.
აბიტურიენტს უფლება აქვს აირჩიოს საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პროგრამა, არაუმეტეს ოცისა. აბიტურიენტს სასურველი პროგრამების ჩამონათვალის გაკეთებისას, უფლება აქვს აირჩიოს მხოლოდ ის საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც უმაღლეს დაწესებულებას მეოთხე არჩევით საგნად ის საგანი აქვს მითითებული, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარა და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა.
აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში საკონკურსო ქულის გათვალისწინებით ჩაირიცხებიან.
ზოგიერთ პროგრამაზე საკმაოდ მაღალი კონკურსის გამო აბიტურიენტთა ნაწილი, რომელთაც დადგენილი ზღვარი გადალახეს და მაღალი ქულები მიიღეს, უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მოხვდნენ. შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში დარჩენილია ვაკანტური ადგილები.
განათლების მინისტრმა გადაწყვეტილება მიიღო იმ აბიტურიენტებს, რომელთაც 4 გამოცდაში დადგენილი ზღვარი გადალახეს და მაღალი ქულები მიიღეს, მიეცეთ საშუალება ხელახალი არჩევანი გააკეთონ და უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდნენ.

















