აშშ-ს უწყებათაშორისი დელეგაცია დღეს თბილისში შეხვედრებს გამართავს. ამერიკის დელეგაცია სახელმწიფო მდივნის მოადგილის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და
შრომის საკითხებში ტომას მელიას ხელმძღვანელობითა, საქართველოში გვიან ღამით ჩამოვიდა. მის შემადგენლობაში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები შედიან. სტუმრები საქართველოში საპარლამენტო არჩვენების წინ არსებულ ვითარებას შეფასებენ.
დელეგაციის წევრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ აშშ-ს საელჩოდან აცნობეს, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია და დელეგაციის წევრები მთელ რიგ შეხვედრებს გამართავენ, რომლის დროსაც საქართველოს მთავრობას სთხოვენ, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები სამართლიანად, მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ აღასრულოს, ასევე, სთხოვენ პოლიტიკურ პარტიებს, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთონ და დაიცვან კანონი.
აშშ-ს საელჩოში აცხადებენ, რომ დელეგაციის საქართველოში სტუმრობა ხაზს უსვამს დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მნიშვნელობას, რის შედეგად ქართველმა ხალხმა მისი ნების გამომხატველი პარლამენტი უნდა აირჩიოს.

















