ფონდების მოძიების კამპანია საზოგადოებისთვის სასიკეთო პროექტებისთვის „ორბელიანის“ ახალ
პლატფორმაზე სტარტს იღებს. პლატფორმის მიზანია დაეხმაროს სოციალურ მეწარმეებს და სამოქალაქო აქტივისტებს მოიძიონ დაფინანსება საზოგადოებისა და პლატფორმა “ორბელიანი მეტის” მხარდაჭერით.
Orbelianimeti.ge პირველი “ქრაუდფანდინგის” პლატფორმაა საქართველოში, რომელიც თანადაფინანსების პრინციპით მუშაობს. „იდეის ავტორები თუ პროექტის ღირებულების ნახევარს შეაგროვებენ ონლაინ შემოწირულობით, მეორე ნახევარს “ორბელიანი მეტი” საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან და კერძო სექტორისგან მოზიდული ფინანსებით დაუფარავს.
დამგზავრების აპლიკაცია მხოლოდ ქალებისთვის მაიკროსოფტის ქართველი ქალი დეველოპერებისგან, საკვები ბანკების შექმნა, რაჭული ოდების შენარჩუნებაზე ზრუნვა, მეკლდეურთა კლუბის ჩამოყალიბება ბედიანელი ბავშვებისთვის და სხვები - ეს პლატფორმაზე განთავსებული პროექტების მცირე ჩამონათვალია.
წინა წლებში “ორბელიანმა” საერთაშორისო დონორებსა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის შედეგად 600,000 ლარით დააფინანსა 293 სოციალური პროექტი. ყველა მათგანი სამოქალაქო აქტივისტებმა მოხალისეობრივ საწყისებზე განახორციელეს და 10,000-ზე მეტი ადამიანი ჩართეს განხორციელებაში.
“ორბელიანი მეტი” ინოვაციაა საქართველოსთვის. გასულ წელს გლობალური ქრაუდფანდინგის ბაზრის მოცულობამ 10.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ქრაუდფანდინგის სექტორი მხოლოდ ახლა იკიდებს ფეხს საქართველოში. ჩვენი მიზანია, ამ მზარდი და იმედისმომცემი ალტერნატიული დაფინანსების მოდელების გამოყენება სოციალური მიზნებისთვის. „ორბელიანის“ ახალი პლატფორმით ვაკავშირებთ კრეატიულ და აქტიურ ადამიანებს მხარდამჭერებთან და ვქმნით ონლაინ სივრცეს ახალი იდეებისა და რესურსების გაზიარებისთვის. პლატფორმა ზუსტად პასუხობს ჩვენს დევიზს: „მეტი იდეა, მეტი ცვლილება, მეტი გამჭვირვალობა“,- განაცხადა “ორბელიანის” დირექტორმა ქეთევან ხაჩიძემ.
“ორბელიანი მეტის” ქრაუდფანდინგის პლატფორმა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა. თანადაფინანსების კომპონენტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორცელდება.

















