„ფონდი ქომაგი“ აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ფონდის ბენეფიციართა ანგარიშების დაყადაღებისა და დაბარება- დაკითხვის ახალი ტალღა დაიწყო.
„ქომაგის“ ხელმძღვანელის ია მეტრეველის თქმით, აღნიშნულ მოქალაქეებს ტელეფონის საშუალებით დაუყოვნებლივ ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე მისვლა მოსთხოვეს და დაემუქრნენ, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ძალის გამოყენებით მიიყვანდნენ მათ დასაკითხად.
„როგორც მათ დაკითხვის დროს გამომძიებლებმა განუცხადეს, ისინი დაბარებულნი იყვნენ მოწმის სტატუსით - უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე. „ფონდი ქომაგი“ კატეგორიულად უარყოფს მსგავს აბსურდულ ბრალდებებს, ვინაიდან ყველა მოქალაქის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის წარმომავლობა სრულიად გამჭვირვალეა“ - აღნიშნა ია მეტრეველმა.
მისი თქმით, მიუხედავად ხელისუფრების მხრიდან ხელის შეშლის ქმედებებისა, ორგანიზაცია ჩვეულ რეჟიმში განგრძობს საქმიანობას და ბენეფიციართა დასახმარებლად ყველა კანონიერ გზას იყენებს.
„განმცხადებელთა უმეტესი ნაწილი უკვე დაკმაყოფილდა და ეს პროცესი გრძელდება. საზღვარგარეთ „ქომაგის“ მხარდამჭერთა რიცხვი კი, დღითიდღე იზრდება და ფონდი მთელი ევროპის მაშტაბით გასცემს რეკომენდაციებს, რათა ხელისუფლების მხრიდან უკიდურეს მდგომარეობამდე მიყვანილ, ღირსებაშელახულ მოქალაქეებს დაუდგნენ გვერდით და აიმაღლონ ხმა ამ უსამართლობის წინააღმდეგ“ - აღნიშნა მეტრეველმა.
ამასთან, „ფონდი ქომაგი“ მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს კეთილი საქმის წინააღმდეგ ბრძოლა.

















