მთავრობათაშორისი კონფერენციის - „თბილისი+35“ გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ პლენარულ სხდომას ხვალ ნეპალის გარემოს დაცვის, მეცნიერების და ტექნოლოგიების მინისტრი კეშაბ მან შაკია გახსნის.
როგორც „ნიუსპრესს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციის მეორე დღეს დაგეგმილი ღონისძიებებიც სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება.
მთავრობათაშორისი კონფერენციის ფარგლებში, ხვალ დილით საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გიორგი ზედგინიძე ლიტვის გარემოს დაცვის მინისტრ გედიმინას კაზლაუსკასს შეხვდება.
მინისტრები გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.
კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ფერნანდო რიმერსი ვიდეოსაშუალებით მიმართავს.
ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე, საქართველოს პირველი ლედი სანდრა-ელისაბედ რულოვსი, იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლების მინისტრი დალი ხომერიკი მიიღებენ მონაწილეობას.
ხვალვე, კონფერენცია მიიღებს დოკუმენტს - თბილისი+35 კომუნიკეს, რომელიც გარემოს დაცვით განათლებაზე საერთაშორისო ხელშეკრულებაა.
„თბილისი+35“ საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ტარდება. პროექტის პარტნიორები გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP) არიან.
კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი სექტორის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები მონაწილეობენ.
კონფერენცია ხვალ დაიხურება.

















