აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმს "ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი"(GGSB), რომელსაც იულიხის კვლევით ცენტრთან (FZJ) რამდენიმეწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) შეუერთდა.
მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და იულიხის კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებს შორის სასწავლო-სამეცნიერო კავშირების დამყარება. თანამშრომლობა დაგეგმილია სუპერკომპიუტინგის, მონაცემთა ანალიზისა და მანქანური სწავლების მიმართულებით. KIU ადრონული თერაპიის ცენტრი თანამშრომლობაში ჩაერთვება ბიოსამედიცინო, გამოყენებითი და სამედიცინო-ტექნიკური კვლევების მიმართულებით.
ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გაგრძელდება თანამშრომლობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორ ლაბორატორიასთან: SMART|AtmoSim_lab და SMART|EDM_lab, რომელთა სამეცნიერო კვლევის არეალი გაფართოვდება. დაგეგმილია ახალი ლაბორატორიის SMART|BioMedImage_lab დაარსება, რომელიც იმუშავებს სამედიცინო ტექნოლოგიების მიმართულებით.
იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშომლობის განახლებული მემორანდუმი, გარდა გერმანულ-ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა, ითვალისწინებს ყველა საფეხურის სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, სემინარების, საზაფხულო სკოლებისა და საგანმანათლებლო კვირეულების ჩატარებას, აგრეთვე, მოსწავლეთათვის ვორქშოპების ორგანიზებას.

















