პირველი ეტაპი შედგებოდა მდგომარეობის სწრაფი შეფასების, ყველაზე კრიტიკული
წერტილების გამოვლენის და ამ წერტილების, ამ მიმართულებების სწრაფი დახმარებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა განმარტა, თუ რა ნაბიჯებისგან შედგებოდა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პირველი ეტაპი.
„ეს იყო, რაც ჩვენ გავაკეთეთ 13 მარტიდან 1-ელ აპრილამდე და ეს გახლდათ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც სწრაფად იყო მიღებული. ეს გახლავთ გადაწყვეტილებები, მოქალაქეების დახმარება კომუნალური გადასახადების თვალსაზრისით და ჩვენ აქ მოვიცავით 1.2 მილიონი მოქალაქე. ეს გახლავთ წყლის, დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადი. გარდა ამისა, ჩვენ დავასუბსიდირეთ 670 ათასზე მეტ ოჯახზე ბუნებრივი აირის გადასახადი და ამაში, კრიზისის დაწყების პირველივე დღიდან, ბიუჯეტიდან გაღებული იყო 150 მილიონი ლარი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ სასწრაფოდ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფოს დაეზღვია ცხრა ძირითად პროდუქტზე ფასების ზრდის რისკი.
„პირველივე შეფასებიდან, ნათელი გახდა, რომ გახდა რისკი პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდის, რადგან, მოგეხსენებათ, რომ პანდემია სულ უფრო და უფრო გლობალურ ხასიათს იღებდა და სახელმწიფოებმა უბრალოდ მიიღეს გადაწყვეტილება, თავიანთი ბაზრების ჩაკეტვის და საექსპორტო, განსაკუთრებით პირველადი მოთხოვნის სასურსათო პროდუქტებზე ექსპორტის შეზღუდვის. შესაბამისად, აშკარა გახდა რისკი ფასების ზრდის და სასწრაფოდ იყო მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოს დაეზღვია ცხრა ძირითად პროდუქტზე ფასების ზრდის რისკი, რაც ჩვენ მოვახერხეთ და რეალურად, ამაში დავხარჯეთ 15 მილიონი ლარი და ძირითად მსხვილ იმპორტიორ კომპანიებთან იქნა გაფორმებული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, მათ მყარად ჰქონდათ დაზღვეული ფასების ზრდის რისკი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს დახმარებით, მოხდა მოქალაქეების სესხის გადავადება 3 თვით, რაც ფიზიკური პირებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო მაშინ, როდესაც მათ, ელემენტარულად, შემოსავალი დაკარგეს.
„დღემდე, ამ შეღავათით უკვე ისარგებლა 600 000-მა ჩვენმა მოქალაქემ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განხორციელდა საბანკო სექტორთან ერთად, თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქ სახელმწიფოს ჩართულობა და პარტნიორობა, როგორც ეროვნული ბანკის, მთავრობის და კერძო საბანკო სექტორის იყო უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

















