დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილ 79 წლის ქალს ძირითად დიაგნოზთან ერთად სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა. მისივე თქმით,
ეს პაციენტი ქვემო ბოლნისის სოფელ კაპანახჩის კლასტერს ეკუთვნოდა და ამ შემთხვევაში ინფექციის განვითარების ჯაჭვი სრულად ცნობილია.
" დღეს დაფიქსირდა გარდაცვალების პირველი ფაქტი. ეს არის 79 წლის ქალი, რომელიც საუნივერსიტეტო კლინიკაში 31 მარტს შევიდა და დღეს დილით გარდაიცვალა. ძირითადი დიაგნოზი არის კორონავირუსული ინფექცია და მწვავე პნევმონია. გართულებები ჰქონდა- მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, სეფსისი, სეპტიური შოკი, სპონტანური პნევმოტორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. ქალბატონს ჰქონდა მძიმე თანხმლები დაავადებები დილატაციური კარდიომიოპათია, მე-4 ხარისხის გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერთენზია მე-3, ზომიერი პულმონური ჰიპერთენზია, მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება, აორტის სარქვლის ნაკლოვანება, სამკარიანი სარქვლის არარევმატიული ნაკლოვანება და კახექსია. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შემოსვლის დღიდან მძიმე და კრიტიკული იყო.
ეს პაციენტი ეკუთვნის კლასტერს, რომელსაც შიდა კლასიფიკაციაში ქვემო ბოლნისის სოფელ კაპანახჩის კლასტერს ვეძახით, სადაც 5 შემთხვევაა დადასტურებული. ეს ქალი იმყოფებოდა კონტაქტში ადამიანებთან, რომლებიც შემოვიდნენ რუსეთ-აზერბაიჯანიდან და სოფელში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე იმყოფებოდნენ, სადაც მას ერთ-ერთმა ინფიცირებულმა ნათესავმა გადასდო კორონავირუსი. ამ შემთხვევაში ინფექციის განვითარების ჯაჭვი სრულად ცნობილია", - განაცხადა გამყრელიძემ.

















