წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის სატელევიზიო ეთერში გამოყენებით ტელეკომპანია „მაესტრო“, „იმედი“ და „კავკასია“ ლიდერობენ.
ამის შესახებ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე მედია ჯგუფისა და ცესკო-ს ადმინისტრაციის დღევანდელ შეხვედრაზე, „ინტერნიუსი საქართველოს“ მიერ 20-29 აგვისტოს ჩატარებული მედია მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციისას აღინიშნა.
მედია მონიტორინგმა გამოავლინა, რომ სიძულვილის ენის გამოყენების ყველაზე მაღალი - 30% ტელეკომპანია „მაესტროს“ ეკუთვნის, მას მოჰყვება „იმედი“ – 24%-ით და „კავკასია“ – 23%-ით.
„იმედის“ ეთერში სიძულვილის ენის ადრესატი ძირითადად, არის კოალიცია „ქართული ოცნება“, „მაესტროს“ ეთერში - პრეზიდენტი, ხოლო „კავკასიის“ შემთხვევაში - ხელისუფლება.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ყველაზე ხშირად სიძულვილის ენის გამოხატვის ფორმებიდან ქართულ მედიაში გამოყენებულია არაკორექტული შეფასებები და ყველაზე ხშირად სიძულვილის ენის ადრესატები ქვეყნის პრეზიდენტი, ხელისუფლება და კოალიცია „ქართული ოცნება“ არიან.
რაც შეეხება, სიძულვილის ენის წყაროს, მონიტორინგის მიხედვით, მის ტირაჟირებას ყველაზე ხშირად ახდენს „ლეიბორისტული პარტია“, ჟურნალისტი და კოალიცია „ქართული ოცნება“.
მომხსენებელ დიანა ჩაჩუას თქმით, სიძულვილის ენის წყაროდ ფიქსირდება პრეზიდენტის გამონათქვამებიც, თუმცა, მონიტორინგის აღნიშნულ პერიოდში ის ნაკლებად დაფიქსირდა.
ასევე აღინიშნა, რომ სიძულვილის ენა არ დაფიქსირებულა რადიოსაშუალებების საინფორმაციო გამოშვებებში და არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ტელეკომპანია „რუსთვი 2“-ის ეთერში, გამოცემებში - „24 საათი“, „ახალი თაობა“, „სარკე“, „გზა“, „რეიტინგი“ და „თბილისელები“ ასევე, ინტერნეტპორტალებში - netgazeti.ge, tribuna.ge, liberali.ge.
რაც შეეხება ბეჭდურ მედიას, სიძულვილის ენის გამოყენების თვალსაზრისით ყველაზე აქტიურები არიან „ასავალ დასავალი“, „ალია“ და „კვირის პალიტრა“, ხოლო ინტერნეტგამოცემებიდან - presa.ge.
შეხვედრაზე ასევე, აღინიშნა, რომ მონიტორინგს უნდა დაექვემდებაროს ისეთი გამონათქვამები, რომელიც ოპონენტს მტრად წარმოაჩენს.

















