სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ კურთხევის შესახებ იქადაგა.
უწმინდესის თქმით, კურთხევის დროს ადამიანზე ღვთის მადლი გადმოდის.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ყველამ უნდა იცოდეს, რა არის კურთხევა და როგორ უნდა შეხვდეს მას.
პატრიარქის თქმით, ზოგს ჰგონია, რომ როდესაც მოძღვარი ერის ადამიანს აკურთხებს და ადამიანი მოძღვარის ხელს ემთხვევა, ეს მოძღვრის პატივისცემაა. სინამდვილეში კი, ეს დიდი მადლის გადმოსვლაა ადამიანზე.
„როცა იღებთ ლოცვა-კურთხევას, თუ თქვენ რწმენით სიყვარულითა და თავდამბლობით მიიღბეთ მას, ეს კურთხევა მოქმედებს და აქვს საოცარი შედეგი. ხანდახან ვფიქრობთ, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინც გაკურთხებთ. სინამდვილეში ეს არის წყალობა ღვთისა, ღვთის სიყვარულის გადმოფრქვევა“ - აღნიშნა უწმინდესმა და დასძინა, რომ მიუხედავად ამისა დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისი საშუალებით გადმოეფრქვევა ეს მადლი ადამიანს.
პატრიარქის თქმით, დღეს არის წმინდა წინასწარმეტყველის სამუელის ხსენება.
როგორც მან განმარტა, ისრაელის წინასწარმეტყველ სამუელს ღვთისგან ჰქონდა დავალებული, რომ წასულიყო და ისრაელის პირველი მეფე საული ეკურთხებინა. მისივე თქმით, სამუელი იყო დავით წინასწარმეტყველის მაკურთხებელიც.
„ჩვენ უნდა ვთხოვოთ სამუელს, რომ სთხოვოს უფალს ჩვენზე მადლისა და წმინდა სულის ძალის გადმოსვლა. თუ ჩვენ გულით ვთხოვთ ამას, თუ ღია იქნება ჩვენი გულის კარი უფალი შემოვა და მადლი უხვად დაისადგურებს ჩვენს გულსა და გონებაში“ - ბრძანა უწმინდესმა.
ასევე, პატრიარქმა სახლის კურთხევასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. უწმინდესმა თხოვნით მიმართა მრევლს, რომ სახლებში აუცილებლად ჰქონდეთ ნაკურთხი წყალი.
პატრიარქის თქმით, აუცილებელია დილა-საღამოს ნაკურთხი წყლის სხურება ოჯახის წევრებზე, სახლსა და ეზოზე.
„წინათ იყო ასეთი წესი, რომ ყოველთვე ეკურთხებოდა სახლი და იქ მცხოვრები ადამიანები, ახლა ჩვენ იშვიათად ვაკეთებთ ამას, მაგრამ საჭიროა უფრო ხშირად. თუ ეს ყოველ თვეში გაკეთდება, ძალიან კარგი იქნება“ - ბრძანა უწმინდესმა.

















